Hotel Transylvania 2

სელენა გომესი | Selena Gomez
სელენა მარი გომესი (დაიბადა 1992 წლის 22 ივლისს, ტეხასი, აშშ) არის ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და პროდიუსერი. მას „სამმაგ საფრთხედ“ და პოპ კულტურის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მიიჩნევენ. მის ჯილდოებს შორისაა კანის კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო, კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, ლათინური გრემის სპეციალური ჯილდო, 3 გრემის ნომინაცია, 9 ემის ნომინაცია, 7 ოქროს გლობუსის ნომინაცია და BAFTA-ს ნომინაცია. გომესმა სამსახიობო კარიერა საბავშვო სატელევიზიო სერიალში „ბარნი და მეგობრები“ (2002–2004) დაიწყო. მოზარდობის წლებში მან პოპულარობა მოიპოვა ემის ჯილდოს მფლობელი Disney Channel-ის სატელევიზიო სერიალში „უეივერლი პლეისის ჯადოქრები“ (2007–2012) ალექს რუსოს მთავარი როლის შესრულებით. სელენა გომესი ტელევიზიაში 2021 წელს დაბრუნდა Hulu/Disney+-ის კომედიურ სერიალში „მხოლოდ მკვლელობები შენობაში“ (2021–), სტივ მარტინთან და მარტინ შორტთან ერთად. ტელევიზიაში კარიერის პარალელურად, გომესი გამოჩნდა ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ისტორია“ (2008), „პრინცესების დაცვის პროგრამა“ (2009), „უეივერლი პლეისის ჯადოქრები: ფილმი“ (2009), „რამონა და ბიზუსი“ (2010), „მონტე კარლო“ (2011), „გაზაფხულის არდადეგები“ (2012), „გაქცევა“ (2013), „ზრუნვის საფუძვლები“ (2016), „მკვდრები არ კვდებიან“ (2019), „წვიმიანი დღე ნიუ-იორკში“ (2019) და „ემილია პერესი“ (2024). მან გაახმოვანა პერსონაჟი მეივისი „სასტუმრო ტრანსილვანიის“ ფილმების ფრენჩაიზში (2012–2022). გომესი იყო Netflix-ის სატელევიზიო სერიალის „13 მიზეზი რატომ“ (2017–2020), დოკუმენტური ფილმის „ცხოვრება დაუდასტურებლად“ (2019), ფილმის „გატეხილი გულების გალერეა“ (2020), HBO Max-ის კულინარიული სერიალის „სელენა + შეფ“ (2020-) და Hulu-ს მისტიკურ-კომედიური სერიალის „მხოლოდ მკვლელობები შენობაში“ აღმასრულებელი პროდიუსერი. მან ყოფილ ჯგუფთან, Selena Gomez & the Scene-თან ერთად გამოუშვა სამი ალბომი, რომლებიც აშშ-ის Billboard 200-ის საუკეთესო ათეულში მოხვდა: Kiss & Tell (2009), A Year Without Rain (2010) და When the Sun Goes Down (2011). გარდა ამისა, გომესის სამი სოლო სტუდიური ალბომი - Stars Dance (2013), Revival (2015) და Rare (2020) - თითოეული Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. მან ასევე გამოუშვა ესპანურენოვანი EP Revelación (2021), რომლისთვისაც ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე, როგორც საუკეთესო ლათინოამერიკული პოპ ალბომი. გომესის რამდენიმე სინგლი აშშ-ის Billboard Hot 100-ის საუკეთესო ათეულში მოხვდა, მათ შორის "Come & Get It", "The Heart Wants What It Wants", "Good for You", "Same Old Love", "Hands to Myself", "We Don't Talk Anymore", "It Ain't Me", მისი პირველი #1 სიმღერა "Lose You to Love Me" და "Calm Down". „გარდიანმა“ მას მიაწერა „ჩურჩულიანი პოპის“ პოპულარიზაცია, პოპ-მუსიკის სტილის, რომელიც ხასიათდება რბილი, ჩუმი და სუნთქვითი ვოკალით. გომესი თანამშრომლობს მრავალ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან და 17 წლის ასაკიდან UNICEF-ის ელჩია. ის იცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის, გენდერული, რასობრივი და ლგბტ თანასწორობის საკითხებს და 2009 წლიდან UNICEF-ის კეთილი ნების ელჩია. მან 2020 წელს დააარსა კოსმეტიკური კომპანია Rare Beauty, რომლის ღირებულება 2024 წელს 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, და არაკომერციული ორგანიზაცია Rare Impact Fund. იგი გამოჩნდა ისეთ სიებში, როგორიცაა Time 100 (2020, 2024), Forbes 30 Under 30 (2016, 2020), დასახელდა Billboard-ის წლის ქალად (2017), წლის ლათინოამერიკელ ქალად (2025) და საფრანგეთის მთავრობამ ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის წევრი გახადა (2024). ის არის Instagram-ზე ყველაზე მეტი გამომწერი ქალი და უმდიდრეს მუსიკოსებს შორის. ზემოთ მოცემული აღწერა ვიკიპედიის სტატიიდან „სელენა გომესი“, ლიცენზირებულია CC-BY-SA-ს ლიცენზიით, ვიკიპედიაზე კონტრიბუტორების სრული სია.

